კლუბური ცხოვრება თბილისში

თბილისში ღამის კლუბების ბუმი არ არის, თუმცა ღამის ცხოვრების მოყვარულებს წინა წლებთან შედარებით ფართო არჩევანი აქვთ. კლუბის წარმატების ერთ-ერთ წინაპირობად მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსების და დიჯეების ჩამოყვანა ითვლება. ბარმენების საფირმო კოქტეილებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

თბილისური კლუბები კლიენტთა სიმცირეს არ უჩივიან. მათი კლიენტურა, ძირითადად, 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებით განისაზღვრება. დასვენების და განტვირთვის დღეებში ყველაზე მეტი სტუმარი მაინც “Bamba Rooms” და “GURU”-ს ჰყავს.

სასიამოვნო გარემო და ინტერიერის ფერების კომბინაცია კლუბ “Bamba Rooms”-ში კომფორტს ქმნის. სასმელების ფართო ასორტიმენტი ღამის კლუბებისთვის დამახასიათებელია. მათი ფასები _ 15-დან 1000 ლარამდე მერყეობს. ალკოჰოლის მოყვარულებს კლუბი “Bamba Rooms”-ი ყველაზე იაფად, ერთი კათხა ლუდის _ 15 ლარად დაგემოვნებას ურჩევს, ხოლო მათ, ვისაც სასმელში ფული არ ენანება, ერთ ბოთლ ვისკის 1000 ლარად სთავაზობს.

“ალკოჰოლში ამხელა თანხის გადახდას არ ვაპირებ. ფინანსებიდან გამომდინარე ვერც შევძლებ, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმ სასმელებით, რომლებსაც ჩემი შესაძლებლობა სწვდება”, – ამბობს სამხატვრო აკადემიის მესამე კურსის სტუდენტი თორნიკე დადიანი.

სიძვირით “Bamba Rooms”-ს არც კლუბი “GURU” ჩამოუვარდება. “GURU”-ს წარმატებას მისი წარმომადგენლები უცხოეთიდან, ექსკლუზიურად მათთვის ჩამოსული მუსიკოსებით ხსნიან, რომლებიც კლუბს არც თუ ისე იშვიათად სტუმრობენ.

თბილისში არსებულ ღამის კლუბებს მუშაობის განრიგი თითქმის ერთნაირი აქვთ.. პარასკევს და შაბათს საღამოს სრული დატვირთვით მუშაობენ. იმ შემთხვევაში, თუ მომავალი ორშაბათი არასამუშაო დღეს დაემთხვევა, გართობის მოყვარულებს კლუბებში სტუმრობა კვირას საღამოსაც შეუძლიათ. კლუბ “GURU”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დინა მაყაშვილი აცხადებს, რომ კლუბი თითქმის ყველა ღონისძიების დროს სავსეა და ამის ერთ-ერთი მიზეზი, ყოველ კვირას შეთავაზებული ახალი საფირმო კოქტეილებია. ბილეთის ღირებულება საღამოზე გამომსვლელი მუსიკოსების პრესტიჟულობით განისაზღვრება. მანდილოსნებისთვის კლუბში შესვლა უფასოა.

“ღამის კლუბებში სიარულს ხშირად ვერ ვახერხებ, თუმცა ვცდილობ, საინტერესო მუსიკოსების კონცერტები არ გამოვტოვო. აღფრთოვანებული დავრჩი ირლანდიელი დიჯეის ჯემი ლუისის საღამოთი. მისი მუსიკით ძალიან ვისიამოვნე”, – ამბობს 25 წლის მელომანი სანდრო კაციტაძე.

კლიენტთა ვიზუალურ კონტროლზე (face control) განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს “Bamba Rooms”-ის არტ-დირექტორი თარხან მაღრაძე. მისი თქმით, კლუბი მხოლოდ ელეგანტურად და ესთეტიურად ჩაცმულ სტუმრებს იღებს.

კლუბური გართობა ზოგიერთი ახალგაზრდისთვის მიუღებელიც კია. მათი უმრავლესობა ამტკიცებს, რომ კლუბებში ის ადამიანები დადიან, ვინც ნარკოტიკისა და ექსტაზის გარეშე ვერ ერთობა.

“ჩემთვის მიუღებელია კლუბური ცხოვრება, ხმამაღალი მუსიკა და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების ყურება.  თავისუფალ დროს  მეგობრებთან ერთად სადმე წყნარ და მყუდრო ბარში ჯდომას ვამჯობინებ. ასეთ შემთხვევაში, თავს უფრო კომფორტულად და მოხერხებულად ვგრძნობ”, – ამბობს 19 წლის სალომე მესხი.

“Bamba Rooms”-სა და “GURU”-ს წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ ნარკოტიკული ნივთიერებების და სტიმულატორების მათ კლუბებში  გავრცელებას. ისინი აცხადებენ, რომ ამ მხრივ მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს, როგორც კლუბების მენეჯმენტიდან, ასევე უსაფრთხოების სამსახურიდან.

ვისაც ევროპის ღამის ცხოვრება უნახავს თვლის, რომ თბილისური კლუბები ევროპულ კლუბებთან ვერასდროს მივა. ევროპაში ქლაბერი, ყველა ასაკის ადამიანი შეიძლება იყოს. ევროპელების უმეტესობა, პარასკევ დღეს დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ კლუბებში მიდის და საკმაოდ მძიმე და ხმაურიანი მუსიკის მიუხედავად უქმეებს ენერგიულად ატარებს.

“ორი წლის განმავლობში გერმანიაში ვცხოვრობდი, თან ვმუშაობდი. თითქმის ყოველ პარასკევს დავიდოდი ღამის კლუბებში.  ევროპაში კლუბური ცხოვრება  რადიკალურად განხვავდება თბილისური ღამის ცხოვრებისაგან. იქ, კლუბებში სულ სხვა დონის მომსახურება და მუსიკაა.  სტიმულატორები და აბები უპრობლემოდ იყიდება. სასაცილოც კია, როცა ვინმეს კლუბში კაიფი უკვირს. ნარკოტიკული საშუალებები აქაურ კლუბებშიც შემიძენია, თუმცა იმას, რასაც აქ ფარულად ყიდიან, ევროპაში ბარის მაგიდებზე ყველას დასანახად ასაღებენ. ვთვლი, რომ კლუბში სტიმულატორების მოხმარება ცუდი არაა. ცეკვის დროს ეს, უფრო მეტ ენერგიასა და თავდაჯერებულობას გმატებს”, – ამობს 21 წლის გიორგი. კლუბური ცხოვრება

თათია დვალიშვილი

This entry was posted in ვარდისფერი სათვალე. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s