სტიქია კახეთში

ბოლო პერიოდში კახეთში მომხდარმა გეოლოგიურმა პროცესებმა მასშტაბური სახე მიიღო. სტიქიამ დააზარალა არა მხოლოდ მეურნეობა, არამედ მაგისტრალური და ადგილობრივი გზები, ასევე ხიდები, დააზიანა სახლები, მოსახლეობის ჯანრმთელობას საფრთხე შეუქმნა.
ძლიერი წვიმის შედეგად გურჯაანში  ახტალის ხევი ადიდდა,  რის გამოც სარაჯიშვილისა და ვაჟა ფშაველას ქუჩაზე  სახლის პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა, ასევე განადგურდა მოსავალი და დაიხოცა ფრინველი.
ახმეტის რაიონში შვიდი სოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში გარესამყაროს იყო მოწყვეტილი,  ელექტროგაყვანილობები დაზიანდა,  სახლები დაიტბორა.
დაზარალდა გურჯანიის მუნიციპალიტეტი. ადიდებულმა ჭერმისხევმა ჭერემთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა წაიღო.  სახნავ – სათესი მიწები დაიტბორა.
სტიქიამ  თელავის მუნიციპალიტეტი დააზარალა, მდინარე დიდხევიდან გადმოვარდნილმა წყალმა 2 საცხოვრებელი სახლი დატბორა და შვიდსაუბნო გზა წაიღო. ღვარცოფმა დაანგრია მდინარე ლიპოტაზე გამავალი ხიდი.
ყველაზე მეტად დააზარალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. ძლიერმა ქარმა სახურავი ახადა რამდენიმე სახლს. ადიდებულმა ხევემა კი დამცავი კედლები დააზიანა. დაინგრა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.
ადიდებულმა მდინარე ინწობამ თელავი-ყვარელის საავტომობოლო გზის მონაკვეთზე ხიდი და გრემის მთავარანგელოზის ეკლესიის საყრდენი დააზიანა.
ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველოში სტიქიური უბედურების მსხვერპლთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. სტიქიის მაღალი საშიშროების ზონიდან გაიყვანეს 50-ათასამდე ოჯახი, რასაც ათეულობით ისტორიული სოფლის დაცარიელება მოჰყვა.
სტიქიამ კახეთს 1 450 ათასი  ლარის ზარალი მოუტანა. სტიქია

ნინო ბოლაშვილი

Posted in საზოგადოება | Leave a comment

რევანში – ოვალური ბურთით

ბოლო წლებია, საქართველოსთვის სპორტის არცერთ სახეობას ისეთი წარმატება არ მოუტანია როგორიც  რაგბს. საქართველოს რაგბის ნაკრები  მსოფლიოს თხუტმეტ საუკეთესო მორაგბეთა გუნდში  ირიცხება. ამის მიუხედავად, ქვეყანაში რაგბის გულშემატკივართა რიცხვი არც ისე დიდია. პირიქითაა ფეხბურთის შემთხვევაში. დღევანდელი მაჩვენებლებით, ისინი მსოფლიოს ქვეყნების ნაკრებების ასეულშიც ვერ მოხვდნენ, თუმცა მათი მატჩებისას სტადიონი   სავსეა გულშემატკივრებით.

დაფინანსებაც ფეხბურთის ფედერაციას, რაგბის ფედერაციაზე გაცილებით მეტი აქვს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 2005-დან 2009 წლამდე  56 მილიონი ლარი დაიხარჯა, დავალიანებამ კი – 10 მილიონი შეადგინა. მაშინ, როცა საქართველოში რაგბის განვითარების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2008 წელს შეიქმნა. ამ პროგრამის მიხედვით, 2008 – 2011 წლებში სახელმწიფო,   რაგბის კავშირის დაფინანსებას 12 მილიონი ლარით  უზრუნველყოფს.

რაგბი მე-19 საუკუნეში ინგლისის ქალაქ რაგბიში დაიბადა. 15 კაციანი გუნდი ოვალური ბურთის  ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით გადაწოდებით, დამიწებითა და კარში გატანით ცდილობს – მოიპოვოს გამარჯვება.

საქართველოში  რაგბის ისტორიას  ლელო იწყებს. ლელო დასავლეთ საქართველოში გავრცელებული უძველესი სპორტული თამაში იყო. რაგბის თამაშის სტილი და ფორმა ეროვნულ ხასიათს შეეწყო.

“ევროპის ერთა თასი” ეროვნული ნაკრებს  სამჯერ აქვს მოპოვებული. ბოლო 21 წლის მონაცემები შემდეგია: ჩატარებული 116 მატჩიდან –  68  მოგება, 43  წაგება, და 5  ფრე. ნაკრებმა ორჯერ ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე. 2009 წლის 15 ოქტომბერს ქართულ რაგბს 50 წელი შეუსრულდა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ტრაბზონში რუსეთს სარეკორდო ანგარიშით მოუგო, ქართული რაგბის მიმართ დამოკიდებულება  შეიცვალა. საქართველო-რუსეთის მატჩს თურქეთში დაახლოებით 5000 კაცი ესწრებოდა. მაშინ, როცა სტადიონზე მორაგბეების თამაშს 2000 კაცი გულშემატკივრობს ხოლმე.

ქართველების რევანში უპასუხოდ არც ქვეყნის ხელისუფლებას  დაუტოვებია. 21 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა ნაკრების წევრებს და მწვრთნელებს ღირსების ორდენები გადასცა. მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ”რაგბის განვითარების ახალ საპრეზიდენტო პტოგრამას”-აც. გამარჯვებულ გუნდს დამატებით 150000 ლარი გადაერიცხა.

”სპორტისა და პოლიტიკის გაიგივება არ მინდა. სპორტსმენების მიმართ პიროვნული სიძულვილი და ბოღმა არ უნდა გვამოძრავებდეს. სპორტი მეგობრობისთვისაა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მორაგბეებთან შეხვედრისას.

ამ მატჩის პოლიტიზირების საკითხი აქტიურად განიხილებოდა ქართულ ფორუმებზეც.

”ჩემი თაობის მორაგბეები იყვნენ სწორედ ისინი, ვინც აფხაზეთში იბრძოდა. ბევრი მეგობარი დაგვეღუპა იქ და ნაომარმა ბიჭებმა გააკეთეს პირველი ეროვნული ნაკრები! მათგან დაიწყო წარმატებები და აღმასვლა. ისინი რუსებს ომის ველზე ებრძოდნენ, მოედანზე კი რაგბს ეთამაშებოდნენ. არასოდეს ეს ორი რამ – ომი და რაგბი არ აურევიათ ერთმანეთში, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს ჩვენი სისხლი ემართა! ჩვენი გუნდელები მათთან ომში დაიღუპნენ.

რაც შეეხება თამაშს ტრაბზონში, ყველა ჩვენი ნაკრების წევრის აზრია, რომ მათ, ანუ რუს მორაგბეებს თავიანთი ჩამპალი ქვეყნის და მათი პოლიტიკის გამო პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ. ჩვენ მათ უბრალოდ თამაშით უნდა დაავუმტკიცოთ, რომ თუ თანაბარი ბრძოლაა, ქართველი რუსს აჯობებს! ”, _ ეს კომენტარი (სტილი დაცულია) ფორუმ.გე-ზე ერთ-ერთმა ფორუმელმა დადო.

მედიამ და საზოგადოებამ ამ თამაშს – ”ღირსების მატჩი” უწოდა. მიუხედვად დიდი მცდელობისა, რომ ეს მატჩი პოლიტიკურ ჭრილში არ განეხილათ, აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც საზოგადოების ნაწილი და მთავრობა ამ თამაშის პოლიტიზირებაში დაადანაშაულეს.  სოციალურ ქსელ facebook-ში ჯგუფიც კი შეიქმნა, სახელწოდებით – ”მე მაშიანაც მიყვარს ჩვენები, როდესაც რუსეთს არ ვეთამაშებით”.

”ამ ჯგუფის წევრები ვგმობთ, იმ პოპულისტებს, რომლებიც მხოლოდ მაშინ გულშემატკივრობენ საქართველოს ნაკრებს, როცა რუსეთს ვეთამაშებით. ჩვენ ასევე ვგმობთ იმას, რომ ტრაბზონში 5000 კაცი მიდის და დინამოს სტადიონზე 2000”, _ ნათქვამია ჯგუფის აღწერაში.

“ჩემ დროს ხრიოკზე ვთამაშობდით. მოედანზე გამხმარი ბელტები და შუშის ნატეხები ეყარა, მაგრამ სპორტში უკან დახევა წარმოუდგენელია.  მოედანზე თამაში – ხელჩართული ომია, გამარჯვებისთბის ბოლომდე უნდა იბრძოლო, რაც საბოლოოდ აუცილებლად დაგიფასდება”,  – ამბობს წარსულში წარმატებული რაგბისტი ვალტერ კაპანაძე.

რაგბის ფედერაციის პრესსამსახური არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ რუსეთთან მატჩის შემდეგ რაგბის გულშემატკივართა რაოდებობა გაიზარდა. თუმცა დასძენს, რომ ხელისუფლება მათ მანამდეც ედგა მხარში.

”ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რაგბს დიდი მხარდაჭერა აქვს. მანამდე, ფინანსურად ძალინ ცუდ მდგომარეობაში ვიყავით. დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რაგბის განვითარებისათვის”, – აღნიშნავს მაია ჩიკვაიძე. რევანში ოვალური ბურთით

ნინო ბოლაშვილი

Posted in საზოგადოება | Leave a comment

მწერლობა – შენს მიღმა არსებული შესაძლებლობათა რეალიზება

‘’მწერლობა რომ არა, ალბათ ოპერის მომღერალი ვიქნებოდი. იმიტომ, რომ ოპერა ძალიან მიყვარს. ან ვიქნებოდი დირიჟორი, მხატვარი. სულაც ისტორიის მასწავლებელი. არ ვიცი კიდევ რა შეიძლება ვყოფილიყავი. ა, რეჟისორი, თეატრის რეჟისორიც ვიქნებოდი. აი ასე, რამდენიმე ამბავი ვიქნებოდი’’,ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე.

მწერლობა კი იმიტომ გადაწყვიტა, რომ მისი აზრით, ეს სფერო ყველა ამ კომპონენტს აერთიანებს.

ლიტერატურაში რაღაცნაირად შეიძლება მოხდეს კომპენსირება იმ ყველაფრისა, რაც რეალურად არ გაქვს, ან რაც არ გამოგივიდა. მწერლობა – შენს მიღმა არსებული შესაძლებლობათა რეალიზებაა”.

მისი ახალი რომანი ‘’ლიტერატურული ექსპრესი’’- სწორედ ამაზეა. პერსონაჟზე, რომელსაც რეალურად ხელიდან დაუსხლტა საყვარელი ადამიანი და თითქოსდა ბედისწერის არჩევანის დროს სხვა გზა აირჩია. შემდეგ ეს აისახება მის საქმეში, ლიტერატურაში და ტექსტებშიც.

წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. როცა მიხვდა, რომ ყველაზე მეტად ეს საქმე ართობდა და სიამოვნებდა 17-18 წლის იყო.

‘’მაშინ როცა ჩემი პირველი პიესა ვნახე დადგმულული და ჩემი დაიბეჭდილი ტექსტები წავიკითხე გავუცხოვდი. მივხვდი, რომ ეს რაღაცა სხვა ამბავია

_ დიდი მწერლების ნაწარმოებმა თუ იქონია თქვენზე გავლენა?

_ ცხადია. ვფიქრობ, რომ წერის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი, კითხვის სიყვარულია. ბევრი ინსტიქტი სწორედ სხვათა ტექსტებიდან მოდის. მეც მსურდა, მიმებაძა მათთვის. დიდი მწერლები ფორმის მოძებნაში გეხმარებიან. საბოლოოდ კი ამ გავლენებიდან შენი საკუთარი ხმა გამოიწრთობა. ძალიან ბევრი მწერალია ისეთი, რომლის წიგნის წაკითხვის მერე ვიფიქრე, რომ ნეტა ეს დამეწერა-მეთქი. მქონია შემთხვევა მიფიქრია, ეს ზუსტად ჩემნაირად ფიქრობს, ისე, როგორც მკითხველი. გენიოსის თვისებაც სწორედ ეს არის. შენ გგონია, რომ აბსოლუტურად შენ ხმაზე ლაპარაკობს.

_ მწერალს შეუძლია თავისუფალი იყოს თავისი ნაწარმოების, ჟანრის, თემის, სტილის შერჩევაში, მაგრამ არ შეიძლება ცხოვრობდე საზოგადოებაში და თავისუფალი იყო საზოგადოებისაგან. როგორია საზოგადოების გავლენა და რამდენად თავისუფალი ხართ წერისას?

_ არ არსებობს ალბათ მწერალი, რომელიც ვერ გრძნობდეს რაღაც უხილავ მკითხველს, როგორც სუბიექტის არსებობას შენს გვერდზე. არ ვიცი როგორ წერდა კაფკა, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ მისი ტექსტები არ დაიბეჭდებოდა. სიკვდილის წინ მეგობარს კიდეც დაუბარა დაწვიო, თუმცა საბედნიეროდ მან ეს ანდერძი არ აღუსრულა. არ ვიცი ასეთი ტიპის მწერალი რას გრძნობს მარტოობაში, მაგრამ როგორც წესი წერის დროს შენ მაინც აღიქვამ, რაღაც უხილავ ყურადღებას.

_ როგორი გარემო უნდა იყოს რომ წერის განწყობა შეგექმნას?

_ მარტოობა და სიმშვიდე. ეს რთული სფეროა. კარები უნდა გამოხურო. დარჩე შენ თავთან, შენ ფურცლებთან და უნდა წერო. ყველაზე კომფორტულად წერ დღის საათებში. ღამე უფრო ისეთია, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ კაი რაღაც დაწერე და დილას დაგხვდეს სრული აფსურდი.

_ ამბობენ, დიდი პოეზია დიდ მკითხველთან ერთად იქმნებაო, როგორი მკითხველები ვართ ქართველები?

_ საერთოდ, მკითხველები არ ვართ. თუ მკითხველი შეგვხვდა კარგია. ის ძალიან კრიტიკული, და უკომპრომისოა. რთულია კარგი მკითხველის მოტყუება. ბევრი საერთოდ არ კითხულობს და ბევრმა საერთოდ წერ-კითხვა არ იცის.

_ კრიტიკა როგორ მოქმედებს თქვენზე?

_ ბუნებრივია, გწყინს როცა გაკრიტიკებენ. მერე როცა დრო გადის, თუკი იდეოლოგიური სახის არ არის ეს კრიტიკა, ცხადია ითვალისწინებ. მაგარი კრიტიკოსის ნათქვამი წინ დაგხვდება.

_ლიტერატურული ნაწარმოების ფორმა და შინაარსი ავტორის ასარჩევია, დანარჩენი მკითხველმა უნდა განსაჯოს. ‘’პირევლი რუსი”-ის ირგვლივ აგორებილი სკანდალი, მოთხრობის არასწორად გაგების ბრალია. მას მერე თუ ფრთხილობთ მსგავს საკითხებზე წერისას?

_ არ ვფრთხილობ. პირიქით, გავბრაზდი. მინდოდა, ის რაც დამაბრალეს და რეალურად არ ეწერა დამეწერა. რომ გავბრაზებულიყავი და ჩემში ეს თვითცენზურის ელემენტები ჩამეკლა. იდეოლოგიური კრიტიკა დამღუპველია. მეტნაკლებად საინტერესო ტექსტი, ყოველთვისაა პროვოკაციული. პროვოკაციულია ‘’ჯაყოს ხიზნები’’, ‘’კაცია-ადამიანი’’. შეუძლებელია ეს ასე არ იყოს.

_ თბილისი არის ქალაქი, სადაც აჩრდილები დალივლივებენ და გიმტკიცებენ, რომ შენც აჩრდილი ხარ…” ამბობს აკა მორჩილაძე. როგორია ლაშა ბუღაძის თბილისი?

_ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იდენტობის ნაწილია თბილისი. ჩვენ რაღაცნაირად ამ სივრცეში ვართ ჩაკეტილები და ხშირად როცა ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ იმის გათავლისწინებით თუ რა ხდება თბილისში. ქართული ლიტერატურა ჩაკეტილია თბილისურ ლიტერატურულ გეოოგრაფიაში და ალბათ ყველაზე დიდი გაღწევა იქნება როცა ჩვენ გავარღვევთ ამ ბინებს, ამ კედლებს, ამ ქუჩებს და აი ამ უფრო დიდ სივრცეში გავა ქართული ლიტერატურა. ლელა ზაქარეიშვილი

ლელა ზაქარეიშვილი

Posted in საზოგადოება | Leave a comment

ჟურნალისტები პოლიტიკაში

ბოლო დროს, ჟურნალისტები პოლიტიკაში ხშირად ინაცვლებენ. გაპოლიტიკოსებულები კი, თავიანთი გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ამის მაგალითია სამი წლის წინ ”რუსთავი 2”-ში მომხდარი ფაქტი. მაშინ, პროტესტის ნიშნად ტელევიზია რამდენიმე წამყვანმა სახემ დატოვა. მთვარ მიზეზად, ხელისუფლების მიერ მათზე კონტროლის დამყარების მცდელობა დაასახელეს. ჟურნალისტიკიდან წასვლის შემდეგ მათ ძალები პოლიტიკაში მოსინჯეს, თუმცა გადაწყვეტილებამ არ გაამართლა და კვლავ ძველ პროფესიას დაუბრუნდნენ. ნათია ლაზაშვილის და ნანა ლეჟვას თქმით, პოლიტიკაც არ აღმოჩნდა ის სფერო, სადაც შეიძლებოდა მათ გამოსავალი ეპოვათ.

განსხვავებული სიტუაციაა ,,იმედის” ყოფილი ჟურნალისტების შემთხვევაში. მათი პოლიტიკაში წასვლა ტელეკომპანიის დახურვვით იყო გამოწვეული. ისინი მიიჩნევენ, რომ არიან ჟურნალისტები, რომელთაც ჟურნალისტიკაში თავიანთი სათქმელი ბოლომდე ვერ თქვეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ ჟურნალისტიკა კარგი პროფესიაა, მაგრამ, როცა აშკარად გებრძვიან, პირს გიკერავენ და ტელევიზიას გიხურავენ, ვერ გაჩერდები.

მით უმეტეს, როცა ხედავ რა ხდება ირგვლივ და რა სიტუაციაა ქვეყანაში. ჩვენ მეტი გამოსავალი არ დაგვიტოვეს, ამიტომაც, შევუერთდით გიორგი თარგამაძის გადაწყვეტილებას, რათა ჩვენ ჩვენი სათქმელი გვეთქვა, არა ჟურნალისტიკაში, არამედ უკვე- პოლიტიკაში”, – აცხადებს ახვლედიანი.

ახლახანს ქრისტიან დემოკრატებს ინგა გრიგოლიაც შეუერთდა, რომელიც ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე მათი სიის ნომერი პირველი კანდიდატი იქნება.

,,ჟურნალისტი პოლიტიკაში არაფრისდიდებით არ წავა მანამ, სანამ ტელევიზიაში თავისი საქმის კეთების საშუალება ექნება. ქართულ მედიასივრცეში აღარ არსებობს დამკვეთი, რომელიც ყველაზე ცნობილ ჟურნალისტს, ამა თუ იმ ტელევიზიაში თავის ეთერს დაუთმობს და მისთვის მისაღებ ხელფასსაც გადაუხდის. რაც შემეხება მე, წამოვედი მაშინ, როცა მივხვდი, რომ აღარ მინდოდა ვყოფილიყავი ნეიტრალური. ასეთი პოზიციის დაცვა მიწევდა იმიტომ, რომ ჟურნალისტს ორივე მხარესთან ესაჭიროება მუშაობა. აღარ ვაპირებ ნეიტრალიტეტის დაცვას. გამიჩნდა პოლიტიკური ინტერესი და მზად ვარ, ჩავერთო პოლიტიკურ ბრძოლაში. ყელში ამომივიდა ასეთი სიტუაცია და მინდა, ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი წვლილი შევიტანო. ეს არის, ძირითადად, ჩემი მოტივაცია”, – აცხადებს გრიგოლია.

გრიგოლიას პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით აზრი ორად გაიყო, ზოგს მოსწონს მისი გადაწტვეტილება, ზოგი კი აგრესიულად ეკიდება, ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ჟურნალისტები მსჯელობენ:

,,ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში ყველაზე სარფიანი საქმე პოლიტიკაა. ამ ხელისუფლებამ საყვარელი საქმის კეთების საშუალება უამრავ ადამიანს წაართვა. ჟურნალისტები პოლიტიკის ეპიცენტრში ტრიალებენ და მათი პოლიტიკაში წასვლა ჩვეულებრივი ამბავია”, – ამბობს ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი. მისგან განსხვავებით, მედიის ერთ-ერთი აქტიური კრიტიკოსი და პუბლიცისტი სანდრო ნავარიანი ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს:

,,ეს ტენდენცია იმის ნიშანია, რომ საქართველოში დაბალი დონის ჟურნალისტიკა არსებობს. ქვეყანაში არ არიან პროფესიონალები. ხშირად ამ პროფესიას წარმატების მისაღწევად იყენებენ. მათი მიზანია,საზოგადოებამ გაიცნოს, რაც შემდგომში წინსვლას გაუადვილებთ. ხოლო, ვისაც უნდა, რომ ჟურნალისტიკაში მწვერვალებს მიაღწიოს, ის არასოდეს საკუთარ პროფესის სხვა პროფესიაზე გაცვლის. ვინც პოლიტიკაში მიდის, მან საკუთარი თავი ამოწურა ჟურნალისტიკაში და მეტი აღარაფრის გაკეთება შეუძლია. იგივე შეიძლება ითქვას გრიგოლიაზეც. მან ჟურანალისტიკაში თავი ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკითა და ხელების ქნევით დაიმკვიდრა. როგორც ჩანს, მეტს ვეღარაფერს იზამდა ამ სფეროში”, – აღნიშნავს ნავერიანი. ია აივაზაშვილი

ია აივაზაშვილი

Posted in საზოგადოება | Leave a comment

სამოქალაქო თავდაცვის პოლიტიკა

ომის საფრთხის წინაშე მყოფი ქვეყნისთვის სათანადო თავდაცვის პოლიტიკის წარმოება მნიშვნელოვანია. ომის დროს, ხშირად, სამხედროებთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეებიც ზარალდებიან. მოქალაქეების დაცვის მიზნით, საჭიროა სამოქალაქო თავდაცვის პოლიტიკის შემუშავება და საჭირო შემთხვევაში მისი ამოქმედება. სამოქალაქო თავდაცვა სერიოზული საფრთხის ან კრიზისების დროს სახელმწიფო თავდაცვის სისტემის მხარდამჭერ მექანიზმს უნდა წარმოადგენდეს.

აგვისტოს ომმა სამოქალაქო თავდაცვის სფეროში არსებული პრობლემები  გამოკვეთა. ამ პრობლემებზე თავის დროზე აგვისტოს მოვლენების შემსწავლელმა კომისიამ  სპეციალური დასკვნაც გამოაქვეყნა. დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის გეგმა არ არსებობს. პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ამბობს, რომ დასკვნის დადებიდან 2 წლის შემდეგაც, ამ სფეროში მდგომარეობა უცვლელია.

ტელეკომპანია ”იმედის” მოდელირებული ქრონიკის გასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე გაჩნდა საზოგადოების ხელისუფლებისადმი მიმართვა. მიმართვის ბოლოს ნათქვამია:

”ხელისუფლება აღიარებს “იმედის” ცნობილი სიუჟეტის სცენარის რეალურად განხორციელების შესაძლებლობას, მაგრამ სად ვხედავთ საამისოდ მზადებას? სად არის ამ რელისტურ სცენარში ნაჩვენები თუნდაც ერთი ნაწილის თავიდან აცილების მცდელობა?
სად არის ინფორმაცია? ინსტრუქტირება? წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზაცია? სად არის განგაშის პირობებში სამოქალაქო თვადაცვის თავშესაფრები?”.

საზოგადოებას აინტერესებს  რა უნდა მოიმოქმედოს უბრალო მოქალაქემ ომის დაწყების შემთხვევაში და  იცავს თუ არა მას სახელმწიფო საფრთხისაგან.

სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური აღნიშნავს, რომ სამოქალაქო თავდაცვა საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის თავდაცვის ობიექტებით, საკვებით, სასმელი წყლით, მედიკამენტებით და საწვავით უზრუნველყოფას გულისხმობს.

მისივე თქმით, კომუნისტების მმართველობის შემდეგ  ეს სფერო საქართველოში აღარ არსებობს.

”კომუნიტების მმართველობის დროს სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობდა. დღესდღეობით კი თავდაცვის ნაგებობები განადგურებულია”, – აღნიშნავს მელითაური.

მელითაური თვლის, რომ სამოქალაქო თავდაცვის პოლიტიკის შემუშავება სახელმწიფოსა და თავდაცვის სამინისტროს კომპლექსური თანამშეომლობით უნდა მოხდეს, მასში მონაწილეობას უნდა იღბდეს ადგილობრივი თვითმართველობები, შსს და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი ამბობს, რომ აგვისტოს ომის დროს სამოქალაქო თავდაცვაზე პასუხისმგებლობა საგანგებო სიტუაციების  მართვის კომისიას ეკისრებოდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში იყო. თუმცა ლორთქიფანიძე იმასაც აღნიშნავს, რომ მაშინდელმა პრემიერმა ლადო გურგენიძემ აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ კომისიისასთან -დაკითხვისას, თავისი ხელმოწერილი დოკუმენტის არსებობა ვერ გაიხსენა.

”ამ მიმართულებით მუშაობა თავის თავზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა აიღო, თუმცა მათი საქმიანობის შესახებ ინფორმირებული არ ვარ”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.

სამოქალაქო თავდაცვის შესახებ კანონი არ არსებობს. მისი შემუშავება თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენრო კომიტეტის პრეროგატივაა.

საქართველოს თავდაცვის შესახებ კანონში კი ნათქვამია, რომ სამოქალაქო თავდაცვის გეგმას ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს.

ლორთქიფანიძის მტკიცებით, არც სამოქალაქო თავდაცვის გეგმა არსებობს.

რაც შეეხება, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს,  პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს ბრძანებულებით, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე, ეროვნული რეაგირების გეგმასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება ევალება.

მათ ფუნქციებში შედის საგანგებო მართვის, კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ღონისძიებების უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის ევაკუაციაც,  სამედიცინო მედიკამენტებით, სურსათითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფა. სამოქალაქო თავდაცვა

თიკო ნერგაძე

Posted in საზოგადოება | Leave a comment

მაჰმადიანი მესხების რეპატრიაცია – საუკუნის პრობლემა

1999 წელს საქართველომ ევრო საბჭოში შესვლისას   მაჰმადიანი მესხების სამშობლოში დაბრუნების ვალდებულებაც იკისრა.

ვალდებულების თანახმად, რეპატრიაციის პროცესი 2002 წელს უნდა დაწყებულიყო და 2011 წლისთვის დასრულებულიყო. 2005 წელს საქართველოში მიმდინარე პრობლემებიდან გამომდინარე, ევრო საბჭომ ახალი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც რეპატრიაციის დასრულება 2013 წლამდე გადაიდო. პროცესი ნელა მიმდინარეობს. ამას ხელს უწყობს  საზოგადოების დამოკიდებულებაც, რომლთა ნაწილიც   მაჰმადიანი მესხების საქართველოში დაბრუნების საკითხს უნდობლად ეკიდება, რადგან მათში  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კიდევ ერთ საფრთხეს ხედავს.

მაჰმადიანი მესხების უმეტესობა, სამხრეთ საქართველოში მცხოვრები ქართველია. ისინი ოტომანთა იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს გამუსლიმანდნენ.

1944 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეს ადამიანები სამხრეთ საქართველოს რეგიონებიდან   შუა აზიის რესპუბლიკებში ჩაასახლა. ყირგიზეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები  – ეს ის ქვეყნებია, რომელშიც  მაჰმადიანი მესხები დღესდღეობით ცხოვრობენ.

”მათი ნაწილი საკუთარ თავს ქართველებად თვლიდა და თვლის, მეორე ნაწილი – თურქებად, არსებობს მესამე, ყველაზე მრავალრიცხოვანი ნაწილიც, რომელსაც  ნაციონალური იდენტობა არ გააჩნია”, – ამბობს ისტორიკოსი მანანა ლილუაშვილი.

მისივე თქმით, 80-იან წლებში დაბრუნებული ასეული ოჯახი 1989 წელს კვლავ აიძულეს გადასახლებულიყვნენ. ეს მაშინდელმა საზოგადოებრივმა დამოკიდებულებამ გამოიწვია.

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მაჰმადიანი მესხები არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ:

”ძალიან კანონმორჩილები არიან. სადაც ცხოვრობენ იმ რაიონში, როგორც წესი კრიმინოგენური ვითარება ჩვეულებრივზე ერთი-ორად დაბალია”.

რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებას  მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის შესახებ – ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანას საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაჭრას. ის თვლის, რომ მაჰმადიანი მესხების საქართველოში დაბრუნების პროცედურა ზედმეტად გართულებულია და საქართველოში დაბრუნების მსურველები სიძნელეებს აწყდებიან.

პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ”აგვისტოს ომის” შემდეგ ევრო საბჭომ მით უმეტეს არ უნდა მოსთხოვოს საქართველოს ვალდებულების შესრულება. ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ ევრო საბჭოს რუსეთისთვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დევნილების დაბრუნებაზე ვალდებულება არ დაუკისრებია.

”ჩვენთვის არავის არაფერი დაუვალდებულებია.  საქართველომ თავად აიღო  ეს ვალდებულება. მას სურდა რომ ევროსაბჭოში სომხეთსა და აზერბაიჯანზე ადრე შესულიყო. მოგვეთმინა ერთი წელი, შევსულიყავით სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად და არავინ არაფერს დაგვავალდებულებდა. რუსეთს არაფერი აუღია თავის თავზე, შესაბამისად არც არაფერს შეასრულებს და ვერც ვერავინ მოედავება”, _ აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

ის თვლის, რომ თუ სახელმწიფო დაკისრებულ ვადაში ვალდებულებას ვერ ასრულებს  სანქციების დაკისრებას ჯობს გადავადება ითხოვოს. მაჰმადიანი მესხები

თიკო ნერგაძე

Posted in საზოგადოება | Leave a comment

ანიას ფოტომანია

22 წლის  ლამაზი ქალბატონი, ანია გოგუაძე უკვე დიდი ხანია, რაც ფოტოგრაფიით არის გატცებული. მისი დებიუტი 2004 წელს შედგა, როდესაც  საუკეთესო ნამუშევრისთვის ინტერნეტფოტო კონკურსი “ფოტოგაზაფხულის” დიპლომანტი გახდა. მას შემდეგ, გაიხსნა გზა წარმატებისკენ და სულ მალე მისი პირველი პერსონალური გამოფენაც გაიმართა. 2006 წლიდან საბავშვო ზეიმის – “მზის ფესტივალის” იდეის ავტორი და ორგანიზატორია. მომდევნო წლებიც ანიასთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.    

ანიას ფოტოგალერეაში, ყველაზე ხშირად ქალების პორტრეტებს შეხვდებით, იმიტომ, რომ როგორც ანა ამბობს,  ხელოვნებაში  გაუცნობიერებლად,   ყველა საკუთარ ისტორიას ყვება: “ყველა ფოტოში, სადაც ქალია ყოველთვის მე ვარ, ისეთი, როგორსაც ხშირად ვერ მამჩნევენ.”

მუსიკას მის ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია. ბავშვობის ოცნება, გამხდარიყო რადიო წამყვანი, რადიო “მწვანე ტალღაში” აიხდინა. შემდეგ იყო “პირველი რადიო”, სადაც ანია მსემენლმა საავტორო გადაცემა  “მზიანი ღამით” გაიცნო. მისი და ფოტოაპარატის მეგობრობაც გარკვეულწილად მუსიკას უკავშირდება. მომღერალ ნინო ქათამაძის კონცერტზე მისულმა ნინოს რჩევითა და მისი ნაჩუქარი “ზენიტით”   ფოტოხელოვნებაში პირველი  ნაბიჯები გადადგა.

სამწუხაროდ ანას ეტლის გარეშე გადაადვილება ბავშვობიდან არ შეუძლია, თუმცა  ეს სულაც  არ უშლის ხელს, რომ ცხოვრებასა და კარიერაში წარმატებას მიაღწიოს. Mმისი უკანასკნელი ფოტო-გამოფენა, სახელწოდებით “მე-ანია” გარკვეულწილად პროტესტის გამოხატვა იყო. ქუჩის აქციებისა და გზების გადაკეტვით გამოხატული პროტესტის მოწინააღმდეგემ გადაწყვიტა ცნობილი და ლამაზი ქალბატონები ინვალიდის ეტლში ჩაესვა და გლამურული ფოტოსესია მოეწყო.

__როცა ცნობილ ადამიანებს იღებდი, ინვალიდის სავარძლებში, რა იყო შენი სათქმელი ?

__სილამაზეში დაკარგული ეტლი გადავიღე. კადრი იმდენად გაფანტულია, რომ მერე ხვდები, სრულყოფილებას ერთი დეტალი არღვევს, ეს არ არის ტრაგედია, თუმცა მაინც – ერთი დეტალია. ჩემი მთავარი სათქმელი ის იყო, რომ შეიძლება ლამაზი ქალიც იჯდეს ეტლში და ეს არ არის რაღაც საშინელება. პროექტს თავისი მიზანიც ჰქონდა: არ შეიძლება ჩვენი ქალაქი, ქვეყანა ვითარდებოდეს და ეტლში მჯდომი ადამიანი ბანკში, აფთიაქში, კაფეში ვერ შედიოდეს. ქუჩებზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ზედმეტია საუბარი. ივნისში “მე-ანია” ქუთაისში მიმაქვს და ვეცდები სხვა ქალაქებშიც ჩავიტანო.  იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში კიბის გვერდით დავინახავ უმარტივეს რამეს – ეტლისთვის განკუთვნილ პანდუს. არავინ იცის, რა  შესაძლებლობების მქონე ადამიანს კეტავს უნებურად ოთხ კედელში, როგორ შეიძლება ის ქვეყანას გამოადგეს. მინდა, ყველა ეტლში მსხდომს ჰქონდეს საშუალება იცხოვროს ისე, როგორც მას სურს!

__ექცევიან თუ არა შენი გადაღებული ფოტოები კრიტიკის ობიექტივში და   რა რეაქცია გაქვს?  როგორც ხელოვანისთვის, დამატებითი სტიმულია, თუ  უარყოფით შეგრძნებებს იწვევს?

__კრიტიკის ღირსი უნდა გახდე, შესაბამისად ეს აუცილებელია ხელოვანისთვის. პირადად მე, გულწრფელად ვითრგუნები, როდესაც  ჩემი ნამუშევარი ყველას  მოსწონს. რა თქმა უნდა მაკრიტიკებენ ხოლმე და მეც არაერთხელ მივსულვარ  ჩემზე მეტად გამოცდილ ფოტოგრაფთან, რომ გავეკრიტიკებინე, რჩევა მოეცა. ეს ხელოვანისთვის აუცილებელია!

ფიქრობს, რომ ნიჭთან ერთად აუცილებელია შრომა და შთაბეჭდილებები. შემოქმედებითად ცვალებადობაში ანიას “მუზები” ეხმარებიან. მისი “მუზა” არაერთხელ ყოფილა ანიას საყვარელი მწერალი – ნოდარ დუმბაძე.  მისი დუმბაძისადმი განსაკუთრებული სიყვარულის  შედეგია “მზის ფესტივალიც”, რომელსაც ყოველწლიურად სხვადასხვა ბავშვთა სახლებიდან (და არამარტო) ჩამოსული ბავშვები ესწრებიან. მათთვის ტარდება კონცერტები, ურიგდებათ საჩუქრები. ანიას თქმით, ამ დღეს ყველას, დიდს  თუ პატარას შეუძლია დაინახოს სწორედ ის მზე, რომელზეც დუმბაძე წერდა.

ანას ობიექტივის გასწვრივ უამრავ ადამიანთან ჰქონია ურთიერთობა, რომლებთანაც ხშირ შემთხვევაში  კადრს მიღმა მეგობრობას აგრძელებს. “ბევრი ადამიანი, ვინც ქუჩაში დავინახე და გადავიღე დღეს ჩემი მეგობარია, ზოგადად ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს”, ამბობს ანია.

ფოტოგრაფობა  დღეს მისთვის შემოსავლის წყაროა. მერე რა, თუ ხშირად იმის გადაღებას არ უწევს, რაც სურს?! მთავარია აკეთებს იმ საქმეს, რაც უყვარს და თანაც კარგად. დუმბაძეზე შეყვარებული

“ანიკოს” წარმატების საიდუმლო მოთმინების უნარი,  შრომისმოყვარეობა და მიზნის მისაღწევად დაუღალავი შრომაა. მისთვის ბარიერი არ არსებობს, მიზანი, რომელსაც დაისახავს აუცილებლად აღწევს, მთავარი მონდომებაა! მისთვის ოცნება იგივე მიზანია და თუ მას ვერ მიაღწია, ესე იგი  მიზანი კი არა მხოლოდ ზედაპირული სურვილი იყო. ანიას ფოტომანია

მარიკო ასათიანი

Posted in ვარდისფერი სათვალე | Leave a comment